2022 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 32.8%-ით გაიზარდა. 32.6%-ით გაიზარდა დასავლეთიდან იმპორტის წილიც. იმპორტის ზრდა საეჭვოდ ემთხვევა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქციის სატრანზიტო დერეფანი შეიძლება იყოს. ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო ბრალდება, თუმცა ევროკავშირიდან იმპორტის უჩვეულოდ გაზრდილი მაჩვენებელი დამატებით ეჭვებს აღძრავს.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებისა და სანქციების დაწესების შემდეგ, საქართველოს ხშირად მოიხსენიებენ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქციის მიწოდების ჯაჭვს ქმნიან. ჯერ კიდევ 2022 წლის 20 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრი ერმაკმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა: „უსამართლოა, როდესაც ვიღაცები სანქციებს თავს არიდებენ და ფულს აკეთებენ. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამაში ჩართულია ზოგი აზიური ქვეყანა. ძალიან სამწუხარო იყო ამ სიაში მეგობარი ქვეყნების ნახვა, ისეთი, როგორიცაა საქართველო, რომელიც ამ ერთგვარ შავ სიაშია“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო’ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტიანობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ G7-ის წევრმა ქვეყნებმა რუსეთისთვის ტექნიკის მიწოდება შეწყვიტეს, თუმცა გაიზარდა ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით. ამ ქვეყნებს შორის მან საქართველოც მოიხსენია. მალევე, 26 ივნისს, ჯეიმს ო’ბრაიენთან ერთად საქართველოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ესტუმრნენ. დევიდ ო’სალივანის, განცხადებით, საქართველოში მისი ვიზიტის მთავარი მიზეზი 38 დასახელების ელექტრონული მოწყობილობის სავაჭრო კონტროლი იყო. საუბარია მიკროჩიპებსა და სხვა მოწყობილობებზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო მრეწველობა იყენებს.
ევროკომისიის სამსახურებმა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის შესაბამის ორგანოებთან ერთად, ორმაგი დანიშნულების პროდუქცია დაადგინეს. დოკუმენტში მოხვდა საქონელი, რომელიც უკარაინის ბრძოლის ველზე იპოვეს და რუსულ სამხედრო სისტემებში აქტიურად გამოიყენება. ამ ფონზე, ქვეყნის იმპორტს/ექსპორტის მაჩვენებლების შესაძლო მინიშნებები საინტერესოა. ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა, რა შეიცვალა ამ თვალსაზრისით ომის დაწყების შემდეგ და თუ რომელი საქონლის იმპორტი გაიზარდა დასავლეთიდან.
იმპორტი: რა შემოგვაქვს ქვეყანაში და საიდან?
2021-2022 წლის იანვარი-ოქტომბრის თვეების მონაცემებით, სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი იყო, ხოლო საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. 2022 წლის ტოპ 5 იმპორტირებული პროდუქტის კატეგორიებია:
- ზეთი და საწვავი: $1.99 მლრდ
- ტრანსპორტი (სარკინიგზო და ტრამვაის გარდა): $1.95 მლრდ
- მექანიკური ტექნიკა, ქვაბები: $1.05 მლრდ
- მადნების წიდა და ნაცარი: $899.76 მლნ
- ელექტრონული აღჭურვილობა $814.77 მლნ
რაც შეეხება საკუთრივ ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის მაჩვენებელს, სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს იმპორტის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, 32,6% -ით გაიზარდა. საინტერესოა, რომ დასავლეთის 27 ქვეყნის იმპორტს შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროტექნიკა, ტრანსპორტი, ტრანსპორტთან დაკავშირებული ტექნიკა და საწვავი შემოდიოდა.
პროდუქციის ნაწილში ყველაზე მაღალი იმპორტი 2022 წელს ფიქსირდება. მაგალითად, ბოლო ათი წლის სტატისტიკას თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ 2022 წელს 1.99 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ზეთი და საწვავი იმპორტირდა, ხოლო 2013-2021 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა და 1.6 მილიარდ დოლარამდეც ვერ აღწევდა.
ფოტო 1
იგივე მდგომარეობაა ტრანსპორტის შემთხვევაში. 2022 წლის მაჩვენებელი 2.09 მილიარდი იყო, მაშინ როდესაც გასული 9 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა – 1.4 მილიარდი.
ფოტო 2
რაც შეეხება მექანიკურ ტექნიკასა და ქვაბებს, იმპორტის ჯამურმა ოდენობამ 1.05 მილიარდი შეადგინა, როცა ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გასულ წლების განმავლობაში 2018 წელს დაფიქსირდა და თანხა 1 მილიარდამდეც ვერ აღწევდა.
ფოტო 3
რაც შეეხება ყველაზე ელექტრონულ აღჭურვილობას, 2022 წელს მის იმპორტზე უპრეცენდენტოდ მაღალი ნიშნული დაფიქსირდა და მისმა ღირებულებამ 814 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა და ოდენობა 700 მილიონსაც ვერ აღწევდა.
ფოტო 4
საინტერესოა ქვეყნები, საიდანაც იმპორტი 2022 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა:
- რუმინეთი – 114 მილიონი აშშ დოლარი
- ჩეხეთი – 62 მილიონი აშშ დოლარი
- ნიდერლანდები – 55 მილიონი აშშ დოლარი
- ესპანეთი – 51 მილიონი აშშ დოლარი
- იტალია – 39 მილიონი აშშ დოლარი
- ბულგარეთი – 24 მილიონი აშშ დოლარი
აქვე აღსანიშნავია, რომ 7 ქვეყნიდან 3 შემთხვევაში, ბოლო, 2013-2022 წლების განმავლობაში იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ 2022 წელს დაფიქსირდა. შესაბამისად, საინტერესოა, რამ განაპირობა იმპორტის რადიკალური ზრდა? ამ რაოდენობის პროდუქცია შიდა მოხმარებისთვის შემოდის, თუ რეექსპორტისთვის?
ექსპორტი: სად რა ტვირთი გადის საქართველოდან?
2022 წლის მონაცემებით, საქართველოსთვის 3 ყველაზე დიდი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი ($736.84M), აზერბაიჯანი ($672.63M) და რუსეთი($651.63M) იყო. აღსანიშნავია, რომ 2013-2022 წლებში საქართველოდან-რუსეთში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი სწორედ 2022 წელს დაფიქსირდა.
ყველაზე დიდი ოდენობით ექსპორტირებული პროდუქტები არის:
- მადნების წიდა და ნაცარი $1.12 მლრდ
- ტრანსპორტი (სარკინიგზო და ტრამვაის გარდა) $983.43 მლნ
- სპირტიანი და არაალკოჰოლური სასმელები, ძმარი $602.48 მლნ
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მიერ სანქციებზე არშეერთების და გაზრდილი იმპორტისა თუ ექსპორტის პარალელურად, განსაკუთრებით საინტერესოა მიზეზები, თუ რამ გამოიწვია ერთის მხრივ ექსპორტისა და იმპორტის გაზრდა, ხოლო მეორე მხრივ, რამ განაპირობა კონკრეტული პრუდუქციებზე მოთხოვნის ზრდა. ამ კითხვაზე პასუხი, ნაწილობრივ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა გასცა. 2022 წლის 1 დეკემბერს, პეტრ მიკისკამ ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა: „ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. ამ ექსპორტის ნაწილი კი, დარწმუნებული ვარ, რუსეთში მიდის […] ამას ექნება შედეგი და ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, თვალს ადევნებს მოვლენებს, ეს იქნება ერთ-ერთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ საქართველოს მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის და არამხოლოდ 12 რეკომენდაცია“.
ელჩის განცხადებას მეორე დღესვე შემოსავლების სამსახური გამოეხმაურა და ელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყალბი უწოდა. მოგვიანებით, ჩეხეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ელჩს მოთხოვა აეხსნა, თუ რას ეფუძნებოდა მისი განცხადება, რომელიც „რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას“. ამავე ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩმა განაცხადა, რომ „სამწუხაროდ მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება“.
თუმცა სტატისტიკური მონაცემები ჩეხეთის ელჩის განცხადებას ამყარებს. 2021 წელს, ჩეხეთიდან 100 მილიონი აშშ დოლარის პროდუქციის ღირებულების იმპორტი განხორციელდა, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 160 მილიონს გადასცდა და მეტიც, 2013-2022 წლების განმავლობაში ცალსახად ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა.
ყველაზე დიდი რაოდენობით კი ჩეხეთიდან შემდეგი კატეგორიის ტვირთები შემოვიდა:
- ელექტრონული აღჭურვილობა: $65.99 მლნ
- მექანიკური ტექნიკა, ქვაბები: $31.79 მლნ
- ტრანსპორტი (სარკინიგზო და ტრამვაის გარდა): $17.78 მლნ
ეჭვები მხოლოდ ჩეხეთის საგარეო უწყებებს არ გასჩენიათ. “ნიუ-იორკ ტაიმზმა” საქართველოს ვრცელი სტატია დაუთმო, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საქონლის შეძენა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი და აზერბაიჯანი, რუსეთს დაეხმარა, უკრაინაში შეჭრით გამოწვეული სანქციების ზიანი შეერბილებინა. სტატიაში საუბარია, თუ როგორ ასრულებს საქართველო სატრანზიტო ფუნქციას და რომ საქართველოს საზღვართან სატვირთო მანქანების ქარავანი ყოველდღე გადაჭიმულია. რიგი თურქეთიდან იწყება და მარშუტს რუსეთში ასრულებს. აღსანიშნავია, რომ სანქციების შედეგად სარგებელი ბევრმა ქართულმა გადამზიდმა კომპანიამ მიიღო და ბიზნესიც გააფართოვეს. საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის, TBC Capital-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2022 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, თურქეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანზიტი სამჯერ გაიზარდა და მისი დიდი ნაწილი საქართველოს გზებზე მოძრაობდა.
მიუხედავად დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღდეგ დაწესებული მკაცრი სანქციებისა, რუს მოქალაქეებს ევროპული წარმოების ფუფუნების საგნებთან შელევა არ უწევთ. ალტერნატიული გზების მოძიებაში, შესაძლოა, საქართველოს წვლილიც იყოს. ეჭვებს დასავლეთიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი იპორტის მაჩვენებლებიც ამყარებს.
დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთისათვის აკრძალული პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლად ყოფნას უარყოფს, სტატისტიკა საპირისპოს განცდას აჩენს. კონკრეტულ სასაქონლო ჯგუფებზე ბოლო 10 წლის განმავლობაში ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლების რადიკალური და სწრაფი ზრდა დამატებითი კითხვების საბაბს იძლევა. საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომით ეკონომიკურ სარგებელს რომ ნახულობს, ეს ცალსახაა. ამის მზაობა ქვეყნის ხელმძღვანელობამ რუსეთის მიერ უკრაინის ხელახალი ანექსიიდან 2 დღეში საჯაროდ დააფიქსირა. თუმცა შესაძლოა, საქართველო არა მხოლოდ მორალური, არამედ აკრძალული საექსპორტო ტვირთითაც იყოს დამძიმებული.





