მეღვრეკისი და ერგნეთი საოკუპაციო ხაზთან მდებარე, ტირძნისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია. იქაურ მოსახლეობას ახლა წესით საბავშვო ბაღი უნდა ჰქონოდა. აქვსკიდეც, ოღონდ – დაკეტილი.
მეღვრეკისში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც წესით ორივე სოფელს უნდა მომსახურებოდა, ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 56 საბავშვო ბაღის პროექტირება – მშენებლობა დაიწყო.
ქვეყანამ დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიიღო და აქედან, 2 მლნ 617 ათასი ლარი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეღვრეკისი-ერგნეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღის მშენებლობას მოხმარდა. დაპირება, რომ ორი სოფლის მოსახლეობას საბავშვო ბაღი უნდა ჰქონოდა, დაპირებად დარჩა. შენობა ნამდვილად აშენდა, თუმცა ჯერ კიდევ არ გახსნილა.
რომელმა კომპანიამ შეასრულა სამუშაოები?
ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის აგვისტოში გამოაცხადა. მონაწილეობის სურვილი ექვსმა კომპანიამ გამოთქვა, საბოლოოდ კი ხელშეკრულება კომპანია შპს “პროდიუს ინვესტმენტსთან” გაფორმდა. მისმა ღირებულებამ 2,820,000 ლარი შეადგინა. ხელშეკრულებას ხელი 2020 წლის 1 დეკემბერს მოეწერა, ხოლო ამ ხელშეკრულების პირობების თანახმად სამშენებლო სამუშაოები ხელმოწერიდან 15 დღეში, ესეიგი 16 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო, ხოლო აქედან 360 დღის ვადაში სამუშაოები სრულად უნდა დასრულებულიყო. ესე იგი 2021 წლის დეკემბერში სოფელ მეღვრეკისსა და ერგნეთს ახალი საბავშო ბაღი უნდა ჰქონოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უკვე 2,617,244 ლარი ჩაერიცხა და ბაღის მშენებლობაც დასრულებულად გამოცხადდა, ბაღი ჯერ მაინც არ ფუნქციონირებს. საგულისხმოა ისიც, რომ შესყიდვების საიტზე ატვირთულ ფაილებს მიღება-ჩაბარების დოკუმენტები აკლია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას ევალებოდა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარება, ტერიტორიის კეთილმოწყობის, ვერტიკალური გეგმარების, გარე საინჟინრო კომუნიკაციების პროექტისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადება. გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ატვირთულია საიტზე, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტები – არა. ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რა სამუშაოები შეასრულა კომპანიამ და მით უფრო – შესრულებული სამუშაოების ხარისხი.
ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, გვეუბნება, რომ შენობა უხარისხოდაა გაკეთებული. ამ ეჭვს ამყარებს აუტვირთავი დოკუმენტები და ფაქტი, რომ თითქმის 1 წელია საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ვერ იწყებს.
არადა, ა(ა)იპ “გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს” 2022 წლის 17 ოქტომბრის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა და მშენებლობა დასრულდა 4 საბავშვო ბაღში. მათ შორის, მეღვრეკისის საბავშვო ბაღიცაა. დოკუმენტში ნახსენებია, რომ საბავშვო ბაღების აღჭურვა მიმდინარეობს შესაბამისი ინვენტარით და “უმოკლეს ვადაში გაიხსნება”. ამ ანგარიშის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 9 თვის შემდეგ, შენობა ისევ დახურულია.
შპს “პროდიუს ინვესტმენტის” ერთპიროვნული მფლობელი ამირან წკრიალაშვილია. კომპანიამ ტენდერებში მონაწილეობის მიღება 2018 წლიდან დაიწყო. მისი მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 34 მლნ ლარზე მეტია. ამასთან, წკრიალაშვილი მმართველი პარტიის შემომწირველია. მან 2021 წელს, თვითმართველობის არჩევნების წინ “ქართულ ოცნებას” 10 000 ლარი შესწირა.
სოფ. მეჯვრისხევის ბაღი
მეღვრეკისი ერთადერთი ბაღი არაა, რომელსაც აღნიშნული კომპანია გორის მუნიციპალიტეტში აშენებს. მას ასევე ევალებოდა სოფელ მეჯვრისხევში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაც, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ 2,619,000 ლარით დაფინანსდა.
ხელშეკრულება 2020 წლის 1 დეკემბერს გაფორმდა. სამუშაოები აქედან 15 დღეში უნდა დაწყებულიყო და ის კომპანიას 330 დღეში უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულებაში ცვლილება რამდენიმეჯერ შევიდა, საბოლოოდ კი სამუშოების დასრულების ვადად 2022 წლის 10 მაისი განისაზღვრა. 2,619,000 ლარი კომპანიას უკვე ჩაერიცხა, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტები არც ამ შემთხვევაში არის ატვირთული. საბოლოოდ, მანაც იგივე ბედი გაიზიარა, რაც მეღვრეკისის ბაღმა და დღემდე არ ფუნქციონირებს
სააგენტოსთან სატელეფონო ზარის დროს ვიკითხეთ, რატომ გაჭიანურდა ამდენი თვის განმავლობაში ბაღების გახსნა. პასუხად მივიღეთ, რომ აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა დაგვიზუსტეს, სააღმზრდელო წელი რომ დაიწყება, გახსნილი იქნებაო. არადა, გასული წლის აგვისტოში, სააგენტო ამბობდა, რომ მეჯვრისხევში ბაღს სექტემბერში გახსნიდა.
დასკვნა
საერთო ჯამში, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში ორი საბავშო ბაღის მშენებლობისთვის 5,236,244 ლარი დაიხარჯა. ეს ბაღები ექსპლუატაციაში 2021-2022 წლებში უნდა შესულიყო, თუმცა ისინი კვლავ არ ფუნქციონირებს და მოსახლეობა ამ ინფრასტრუქტურით ვერ სარგებლობს.
კომპანია, რომელიც აღნიშნული სამუშაოებისთვის შეირჩა ქართული ოცნების შემომწირველია. ამ გარემოებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ბაღების სამუშოების სათანადო ვადებში ვერ შესრულდა, შესაძლოა საქმე გვქონდეს კორუფციულ გარიგებასთან, რომელმაც ერთი მხრივ კონკრეტული კომპანია ახეირა, ხოლო მეორე მხრივ მმართველი პარტია. თუმცა, ეს ყველაფერი იმის ხარჯზე, რომ სამი სოფლის მოსახლეობა კვლავ ბაგა-ბაღების გარეშე დარჩა.
მთავრობის მეთაური ჯერ კიდევ მეღვრეკისის ბაღის მშენებლობის პროცესში ამბობდა, რომ ერგნეთსა და მეღვრეკისში აქამდე საბავშვო ბაღი არ იყო და მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა მნიშვნელოვანია გამყოფ ხაზზე მცხოვრები სოფლების მოსახლეობისთვის. გამოდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსების გამოყენებით ბაღის აშენება უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე მისი ფუნქციონირება. რატომ?
წყარო:
- მეღვრეკისის ბაღის ტენდერი – DEP200000050
- მეჯვრისხევის ბაღის ტენდერი – DEP200000049
- https://shorturl.at/bkCHO
- https://shorturl.at/boST2
- https://shorturl.at/rsIJ9
- https://shorturl.at/nyGQ1
- https://shorturl.at/aEWY2
- https://shorturl.at/buOSZ
- https://shorturl.at/opI03
- https://shorturl.at/eyJP7





